პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ინიციატივით გამოვიდა.
როგორც მან დღეს აფრიკის დასახლებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინიციატივაა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმოქმედო საწარმოების ფართი სიმბოლურ ფასად - 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც ვალდებულებას აიღებენ, ყოველ 10 კვ.მეტრზე მინიმუმ ერთი ადამიანი დაასაქმონ.
გამყრელიძის განმარტებით, ამ ნაბიჯით, მოკლე დროში ქვეყანაში დამატებით ათეულათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება და სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობა გაიზრდება.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის თქმით, დღესდღეობით თბილისსა და მთელ საქართველოში, სახელმწიფო საკუთრებაში ძველი უმოქმედო საწარმოების და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის სახით არსებული ასეულ ათასობით კვადრატული მეტრი გამოუყენებელი და მიტოვებული ფართია.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი კონკრეტული ინიციატივებით არის შესაძლებელი ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის დონის შემცირება.
