„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების 2011 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში შესულია 13 პოლიტიკური პარტია, რომლებიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. კვლევის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსების მიღების მხრივ, 2011 წელს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ 1 757 240 ლარით ლიდერობს, რომელსაც მოჰყვება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა 573 651 და „ლეიბორისტული პარტია“ 391 338 ლარით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში საწევრო შენატანი მხოლოდ რამდენიმე პარტიამ მიიღო და ის მისი წლიური შემოსავლის 5-10%-ს შეადგენდა.
„2011 წლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემომწირველ ფიზიკურ პირთა მისამართები დაფარა, რაც კანონსაწინააღმდეგო იყო, ხოლო ახლადმიღებული კანონით კი, შემომწირველების მისამართების მითითება სავალდებულო აღარ არის, რაც ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ხელს უშლის“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ 2011 წლის პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი ორი იურიდიული პირი „გზამშენი 4“ და „უნივერსალ 93“ ერთიდაიგივე ფიზიკური პირის რეზო ჩახვაშვილის საკუთრებაა, რომელმაც 150 ათასი ლარის შემოწირულობა განახორციელა.
ანალოგიური დაფიქსირდა „რესპუბლიკური პარტიის“, „კონსერვატიული პარტისაა“ და „ხალხის პარტიის“ შემთხვევაში - რამდენიმე შემომწირველ იურიდიულ პირს ერთიდაიგივე ფიზიკური პირი ხელმძღვანელობდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულობების გადამოწმების შემდეგ მათ საერთოდ უარყვეს შემოწირულობის განხორციელება.
როგორც პარტიების ფინანსური ანგარიშების კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, „საერთაშორიო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2012 წლის პარტიების ფინანსურ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ასევე, ორგანიზაცია გეგმავს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული დახარჯული თანხების ანგარიშების გამოქვეყნებასაც, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
