კოალიაცია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ რომ საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ არჩევნებს ნებისმიერი ნომრით მოიგებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას“ 7 ნომერი ექნება თუ არა, რადგან არჩევნებს ყველა შემთხვევაში კოალიცია მოიგებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული ცესკო-ს გასაგონად მინდა ვთქვა, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს 7 ნომრითაც, 47-თაც, 77-თაც, უნომროდაც და საერთოდ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ცესკო-ს უარი 7 ნომერზე განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლებას და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებს არჩევნების წაგების შიში აქვთ. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მათი შიში საკმაოდ საფუძვლიანია.
„ცესკო უარს გვეუბნება ჩვენს მიერ არჩეულ ნომერზე, რომელიც კანონიერად გვეკუთვნის. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორი შიში აქვს “ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების წაგების. მინდა ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, ცესკოს, სასამართლოს, მოგელაძეს და ყველას, ვინც მათ ექვემდებარება, რომ მათი შიში საფუძვლიანია. პირველ ოქტომბერს ისინი წააგებენ და ჩვენ რა ნომრით მოვიგებთ, ეს მეორეხარისხოვანია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
