კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში თინა ხიდაშელი უწყებათშორის კომისიას სოფელ იორმუღანლოში
მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვს.
როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა შემთხევვა 17 აგვისტოს, იორმუღანლოს ბაზარში მოხდა, სადაც „ქართული ოცნება“ სააგიტაციო შეხვედრას მართავდა.
ხიდაშელის თქმით, კოალიციის წევრები მოვაჭრეებს სააგიტაციო მასალას ურიგებდნენ, ამ ყველაფერს კი, „ფსევდო“ „ინფო 9“-ის ოპერატორი იღებდა.
როგორც მან განმარტა, მოვაჭრეებთან შეხვედრას აკვირდებოდა 3 უცნობი, თუმცა, ისინი ხელს არ უშლიდნენ შეხვედრის მონაწილეებს. მოგვიანებით კი, უცნობმა პირებმა, რომლებიც იორმუღანლოს საკრებულოს წევრის ვაჟი და გამგებლის დისშვილი აღმოჩნდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა „ფსევდო“ „ინფო 9“-ის ოპერატორს მიაყენეს.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ინციდენტის გამო, შსს-მ დააკავა მათი შტაბის ორი წევრი - მამედოვი და სულეომანოვი, თუმცა, მისი თქმით, მამედოვი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სულეომანოვი ინციდენტის მონაწილეთა გაშველებას ცდილობდა.
ხიდაშელის თქმით, დაკავებულების სასამართლო 18 აგვისტოს გაიმართა. მათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
ხიდაშელი მოითხოვს, უწყებათაშორისმა კომისიამ სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და განმარტოს, თუ რა მოტივით არიან დაკავებული მათი შტაბის წევრები.
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა, რომელიც მისი თქმით, კოალიციამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდა.
