ივანიშვილი - კოალიციის გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება
ივანიშვილი - კოალიციის გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება
21:41 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება.

როგორც მან დღეს რუსთავში აქციის დასრულებისას განაცხადა, იარსებებს სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია და ხელშეუხებელი ბიზნესი.

„ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს. თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში. მე ამას გპირდებით“- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სამშობლო იქნება ყველასთვის და ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები და სხვები ისეთ ქვეყანას ააშენებენ, რომელიც დემოკრატიული და ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი იქნება.

„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერიცვალებას და მჯერა, რომ მალე პოლიტიკურ ფერისცვალებას მივულოცავთ ერთმანეთს“- აღნიშნა ივანიშვილმა.

ბეჭდვა