ივანიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში არ აჰყვეს
ივანიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში არ აჰყვეს
21:35 19.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რუსთავში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება დანაშაულია და მოსახლეობას  მოუწოდა ამაში ხელისუფლებას არ აჰყვეს.

„ჩვენ ვიცით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი - იძულებით. გაყალბება, ისევე როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას დავამთავრებთ, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის თქმით, კოორდინატორების, მამასახლისების და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ადგილობრივი სტრუქტურებისა და მათი აქტივისტების მეშვეობით, რაიონებში დაშინებისა და შანტაჟის ათასობით ფაქტი ხორციელდება.

„მივმართავ ყველას, ვისაც თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება, არ მიიღოთ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილეობა, რადგან ეს დანაშაულია“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კოალიციას შემუშავებული აქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღუდგეს წინ გაყალბების მანქანას.



ბეჭდვა