კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილ ციფრებზე და სოფლის მეურნეობისა
და ჯანდაცვის სექტორების გაზრდილ დაფინანსებაზე მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად საუბრობს.
როგორც ივანიშვილმა დღეს რუსთავის აქციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ პროგრამა და დასახელებული ციფრები მიითვისა და ოთხზე გაამრავლა.
„4 წელიწადში 40-მილიარდიან ბიუჯეტს რომ დაჰპირდნენ ხალხს, საიდან მოიტანენ ამ თანხებს, გვითხრან. რის ხარჯზე ფიქრობენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, საიდან მოაქვთ ეს ფული. გვაჩვენონ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ეს უკვე გაწერილი უნდა ჰქონდეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივობამ აჩვენა, რომ ხალხი აღარ ტყუვდება და საკუთარი ქვეყნისთვის და მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის არჩევნებში ყოველი ადამიანის გადაწყვეტილების მნიშვნელობა.
„ხალხის არჩევანს ფასი რომ არ ჰქონდეს, ეს ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ არ დაარიგებდა ხან ტომარა ფქვილს, ხან შაქარს, ხან 10 და ხან 20-ლარიან დახმარებას“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
„ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ უფრო გვაწყობს ამ წუთას და ვის ხელში უკეთ შევინარჩუნებთ მცირეოდენ პირად კეთილდღეობას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ასევე, მან პირობა დადო, რომ საქართველოში გაგრძელდება მშენებლობა და ეს იქნება უფრო მასშტაბური, ყველა ნორმისა და სტანდარტის, უსაფრთხოების ზომების დაცვით წარმოებული მშენებლობა.
