პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი
საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს რაიმე თანამდებობა შესთავაზოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბურჯანაძისა და მისი შეხვედრის შესახებ საუბრისას განუცახადა.
ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძესთან დღეს საინტერესო და ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა, სადაც აფხაზეთთან დაკავშირებით მოვლენები გაიხსენეს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.
„აბსოლუტური თანხვედრაა ჩვენს შეხედულებებში და ერთნაირად ვაცნობიერებთ დღევანდელ რეალობას. თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ის, რომ ჩვენ „სახალხო კრებიდან“ ორი საუკეთესო წევრი ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი მაჟორიტარ კანდიდატებად დავასახელეთ“ -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბურჯანაძესთან შეხვედრა რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა, დღემდე ვერ ხერხდებოდა.
„ხელისუფლებაში რა ადგილს დაიკავებს ნინო ბურჯანაძე, ამაზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა, არც გამოვრიცხავ, ჩვენ შეიძლება მასთან ვითანაშრომლოთ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც“- აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის შემდეგ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს და ვლადიმერ პუტინთან ერთად აღლუმზე დასწრებას, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან ეს შეცდომა იყო.
„პირადად მე, არ მომეწონა, მაგრამ ადამიანებს პატარა და საშუალო შეცდომები უნდა ვაპატიოთ. ბურჯანაძეს ისეთი შეცდომა არ ჩაუდენია, რასაც მერაბიშვილი და სააკაშვილი ჩადიან, თუმცა, მე მზად ვარ მათაც მივუტევო ეს შეცდომები და ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არავითარი პოლიტიკიური დევნა არ იქნება“ -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბურჯანაძის მიმართ არსებობს კითხვები, თუმცა, მსუბუქი.
