კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას
არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება.
ძიძიგურის განმარტებით, არჩევანი მარტივია, რადგან ერთ მხარეს კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს პრეზიდენტი სააკაშვილი დგას.
„ერთ მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსთავისა და მთელი საქართველოს მოსახლეობის 90% უმუშევარი, შეურაცხყოფილი, დამცირებული, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, მეორე მხარეს კი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 20 წელია ლეგენდა იყო ჩვენთვის. რომელიც აკეთდებდა, აშენებდა, მხოლოდ გვეფერებოდა, ისე რომ სახეზე არც კი გვენახა“- განაცხადა ძიძიგურმა
მისივე თქმით, დაპირებები, რაც ივანიშვილმა საზოგადოებას მისცა, რუსთავში აუცილებლად შესრულდება - მეტალურგების პრობლემა მოიხსნება, ხალხი დასაქმდება და ქალაქი გამოცოცხლდება.
ძიძიგურის თქმით, ივანიშვილმა მოახერხა და 6 თვეში შექმნა მძლავრი პოლიტიკური კოალიცია, რომელიც ტოტალიტალურ რეჟიმს აზანზარებს.
„არჩევნების დანიშვნა უნდოდა სააკაშვილს, 7-ში ხომ არ დანიშნავდა, 7 ჩვენი ციფრია. საეკლესიო კალენდარში ხომ არ ჩაიხედავდა - ღმერთი გაუწყრებოდა. პირველში დანიშნა, პირველი ოქტომბერი კი - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა. მთელმა საქართველომ ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ერთად მივულოცოთ ბიძინაობა“- განაცხდა ძიძიგურმა.
