ივანიშვილი - „ციცინათელას“ ატრაქციონების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია
ივანიშვილი - „ციცინათელას“ ატრაქციონების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია
20:55 19.08.2012
რუსთავის აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის განცხადებებს საქართველოში მშენებლობის ბუმისა და ხალხის  დასაქმების თაობაზე, წინასაარჩევნო ილუზია უწოდა.

მან საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ბათუმის დელფინარიუმში, ურეკის კულტურის სახლსა და გასართობ ცენტ „ციცინათელაში“ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ხელოვნურად გააკოტრა კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რომელიც ამ სამივე ობიექტის მენეჯმენტს ახორციელებდა და ობიექტების მართვა თავად ხელისუფლებამ დაიწყო.

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ბიუჯეტის ფულით დროებით გააორმაგა ამ ობიექტებში დასაქმებულთა შტატები მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ მათი ამ გზით მოსყიდვა მოახერხოს.

„ამასთანავე, „ციცინათელაში“ არ ჩატარებულა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები და ძალიან ბევრი ატრაქციონი ავარიულ მდგომარეობაშია, რამაც შესაძლოა, ხიფათი გამოიწვიოს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების „მიერ რეგიონებში დარიგებული ფული“ სწორედ ის 80 მილიონი ლარია, რომელიც მან კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადარიცხა.

ამასთანავე, კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ „ე.წ. სამშენებლო ბუმი იმ კრედიტებით წამოიწყო, რომელიც პარტნიორმა ქვეყნებმა ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის გამოუყვეს საქართველოს“.

„ამ ვალების გადახდა სამომავლოდ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს მოუწევს, ხოლო ზოგი იმდენწლიანია, რომ ჩვენს შვილთაშვილებსაც მოუწევთ მისი გადახდა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთელს მსოფლიოში და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც გაცილებით მეტი შენდება, მაგრამ ამით არავინ ამაყობს ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეს მშენებლობები არჩევნების წინ ხალხის მოსატყუებლად, მათი დასაქმების ილუზიის შესაქმნელად სჭირდება, რადგან „გაჭირვებულ ხალხს მოკლევადიან სამუშაოს აძლევს“, რომელიც არჩევნების შემდეგ კვლავ გაქრება.



ბეჭდვა