კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსთავის აქციაზე მეტალურგებს კუთვნილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას დაპირდა.
ივანიშვილის თქმით, ერთ დროს ქართული ინდუსტრიის ქალაქი ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი.
როგორც კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, 90-იანი წლები უმძიმესი აღმოჩნდა მთელი ქვეყნისთვის, რუსთავს კი, იგი განსაკუთრებით შეეხო, რადგან ქალაქში, სადაც 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო მუშაობდა, დღეს თითქმის გაცამტვერებულია.
ივანიშვილის განცხადებით, კვალიფიციური მეტალურგები, ინჟინრები და ქიმიკოსები უფუნქციოდ დარჩნენ. ათეულობით მუშა-მოსამასახურე კი, ბედის ანაბარადაა მიტოვებული.
„ამდენი წელი გავიდა და 5000 მეტალურგი ახლაც ელოდება სახელფასო დავალიანების მიღებას. ამ თანხის გადახდას მათ სააკაშვილი დაპირდა, მაგრამ ესეც დაპირებად დარჩა. სიტყვას ვაძლევ მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენ კუთვნილ ხელფასს და დაიჭერთ თქვენ კუთვნილ ადგილს ცხოვრებაში“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ოქროს ხანა დაუდგა, თუმცა, ივანიშვილის განმარტებით, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით რუსთავის მოსახლეობა ითხოვს, რომ ქალაქს სოციალური კატასტროფის ზონის სტატუსი მიენიჭოს.
რუსთავში ძლიერი წვიმის მიუხედავად, მონაწილეებმა აქციის შეწყვეტა არ ისურვეს.
