მაღრაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" დამჭერები
მაღრაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" დამჭერები
19:30 19.08.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" დამჭერები. ამის შესახებ კოალიციის რუსთავის აქციის გახსნაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ტერორის მიუხედავად, საქართველოში მაინც შეიქმნა ერთიანი სახალხო საყოველთაო მოძრაობა, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

მან მმართველ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულის გადმონაშთი უწოდა, ხოლო მის ლიდერს, ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს - ვიდეო იგავების შემქმნელი.

„ისინი ბედავენ თეფშების დატყვევებას, ჟურნალისტების ცემას, რადგან მათ ბელადს - ახალი ჟანრის ვიდეო იგავების შექმნელს ჰგონია, რომ ისევე როგორც მას ჰყავს პირადი დაცვა და მზარეულები, ჰყავს პირადი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს სახით“ - განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, აშშ არის ქართველი ხალხის სტრატეგიული პარტნიორი და არა „მოძალადის“ და ეს მალე გამოჩნდება.

„ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, მაგრამ ხელისუფლება ქვებს ისვრის და ხალხს ქვის ხანაში აბრუნებს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის არჩევნებისკენ ჩვენს გონივრულ სვლას“ - განაცხადა მაღრაძემ.

შარტავას მოედანზე უკვე მივიდა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე სიტყვით მიმართავს აქციის მონაწილეებს.

ბეჭდვა