სოსო ცისკარიშვილი - ბურჯანაძისა და ივანიშვილის თანამშრომლობა ვალდებულებებით დატვირთული არ იქნება
სოსო ცისკარიშვილი - ბურჯანაძისა და ივანიშვილის თანამშრომლობა ვალდებულებებით დატვირთული არ იქნება
17:45 19.08.2012
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა  - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის დღევანდელი შეხვედრა ორ პოლიტიკოსს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მსგავსი ურთიერთობა ვალდებულებებით დატვირთული არ იქნება, გარდა ისეთი საერთო მიზნისა, როგორიცაა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა.

ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ადრე რომ შემდგარიყო, თანამშრომლობისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა, რადგან, მისი თქმით, „საქმე ბევრია და ახლა პოლიტიკური კოხტა-პრუწობის დრო არ არის“.

პოლიტოლოგის განმარტებით, ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის არსებული გარკვეული გაუგებრობის მიუხედავად, ბურჯანაძემ საარჩევნოდ პარტიის დარეგისტრირებაზე უარი ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ თქვა.

„გამოხდა ხანი, მიხვდა ყველა, რომ არვინ არავის არაფერში ხელს არ უშლის და პირიქით, ბურჯანაძემ გადადგა ნაბიჯი - რეგისტრაციიდან მოეხსნა საკუთარი პარტია საარჩევნოდ. უპრიანია, რომ ეს იმ პარტიებმაც გაიზიარონ, რომლებიც სასწრაფოდ დარეგისტრირდნენ საარჩევნო სუბიექტებად, მაგრამ მათი სახელწოდება არავის არაფერს ეუბნება“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ მსგავს პარტიებს, რომელთა რიცხვი 25-ს აღწევს, მხოლოდ ოჯახის წევრებმა რომ მისცენ ხმა, ეს უკვე ხელისუფლების სასარგებლოდ მიცემული 200-მდე ხმა იქნება.

მისივე თქმით, გულზე მჯიღის ცემა და საკუთარი თავის ოპოციონერად მონათვლა დღევანდელ სიტუაციაში არადამაჯერებელია. ცისკარიშვილის განმარტებით, მისაღებია მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა ქმედება ზუსტად ისეთი, როგორიც ბურჯანაძემ აჩვენა.

პოლიტოლოგის თქმით, ბურჯანაძეს შეუძლია გამოცდილება და კონტაქტები, რომელიც მას გააჩნია, კოალიციის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე უამრავი სამუშაოა, ხოლო ბურჯანაძე წლების მანძილზე ორგანიზაციულ პოტენციალს შესანიშნავად ფლობდა, ამიტომ, მსგავსი რესურსი ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის სასურველი იქნებოდა.

„კონტაქტები, რაც ქალბატონ ნინოს რეგიონებში გააჩნია, ამჟამად მიმართული იქნება იმ კოალიციის დასახმარებლად, რომლის ზოგიერთი ლიდერისთვის თავად ბურჯანაძე მიუღებელი პოლიტიკოსის სტატუსს ატარებს. თუმცა, ეს ამა თუ იმ პოლიტიკოსის უკიდურესად სუბიექტური მოსაზრებაა. თუ გავქვს პრეტენზია ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც გერბზე აწერია „ძალა ერთობაშია“, თავი უნდა დავანებოთ პოლიტიკურ კოხტა-პრუწობას“- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა დღეს „ფეისბუქის“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა. მოკლე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა.

ბეჭდვა