პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
როგორც პრესსამსახურში „ნიუსპრესს“ განუცხადეს, ლიდერებს შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა - მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშე დღეს ქართული ოპოზიცია დგას.
ჯერ უცნობია, შედგება თუ არა ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის სხვა შეხვედრა, თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენელთა ცნობით, თუ ასეთი შეხვედრა დაიგეგმება და გაიმართება, ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება.
ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის დღეს გამართული პირველი შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა „ფეისბუქის“ ივანიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა.
რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის გაუგებრობა წარმოიშვა. ბიძინა ივანიშვილმა „სახალხო კრებისა“ და „ქართული აკადემიის“ წევრებთან შეხვედრაზე ბურჯანაძის მისამართით აღნიშნა, რომ თუ ადამიანი საერთო საქმეს ვერ ეხმარება, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიოს, რომ ის არ დააზიანოს მაინც. ამის შემდეგ ორივე მხარის მიერ სხვადასხვა შინაარსის ურთიერთკრიტიკული განცხადებები გაკეთდა.
მას შემდეგ, რაც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური ხმების შესაძლო გაფანტვის გამო არ მიიღებს, ბიძინა ივანიშვილმა მას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი უწოდა.
