ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიას მადლობას უხდის
ზვიად ძიძიგური რუსთავის მერიას მადლობას უხდის
13:13 19.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური ქალაქ რუსთავის მერიას მადლობას უხდის.

როგორც „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა განუცხადა, რუსთავში კოალიციის წინასაარჩევნო აქციისთვის მზადება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

„მინდა მადლობა ვუთხრა რუსთავის მერიას, რომელიც მართალია აქციის ორგანიზებაში არ დაგვეხმარა, მაგრამ მათი მხრიდან ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის 600-მდე წარმომადგენელი შარტავას სახელობის მოედანზე სცენას, ეკრანს და გახმოვანების აპარატურას ამონტაჟებს.

„დაახლოებით 15:00 საათიდან, ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებას დავიწყებთ სხვა მიმართულებით, რომ მოედანზე აქციაზე მომსვლელებმა შეკრება შეძლონ“ - აღნიშნა მაჟორიტარმა კანდიდატმა.

ამასთან, ძიძიგურის თქმით, აქციის დასრულების შემდეგ კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები მოედნის დასუფთავებაში მიიღებენ მონაწილეობას.
რუსთავში „ქართული ოცნების“ აქცია დღეს 19:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა