არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საკანონმდებლო წინადადებებს ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.
კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში, ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისთვის მრგვალ მაგიდას მოაწყობენ, სადაც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე ისაუბრებენ. განიხილავენ მათ მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ეხება.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები ხვალვე ორ მიმართვას გაავრცელებენ, რომელთა ადრესატებიც საქართველოს ხელისუფლება და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისები არიან.
შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.
კამპანია "ეს შენ გეხება" საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა 13 თებერვალს წამოიწყეს. მისი მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.
