მიხეილ სააკაშვილი - ჩემი შემდეგი გაჩერება გურიაა
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი შემდეგი გაჩერება გურიაა
10:36 19.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურულებს პირდება რომ თელავის შემდეგ ლანჩხუთის რეაბილიტაცია დაიწყება.

ამის შესახებ სააკაშვილმა გურიაში, შუხუთისა და ჩიბათის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, როდესაც თბილისში შენება დაიწყო, ამბობდნენ რომ ყველაფერი მხოლოდ თბილისში კეთდება და სხვაგან არაფერი ხდებაო, ანალოგიური ხდებოდა ბათუმის რეაბილიტაციის დროსაც.

„ბათუმი ახლა მსოფლიო სასწაულია. მაშინ ქუთაისელები გვეუბნებოდნენ: ქუთაისი სულ არ განაღვლებთ და მხოლოდ თბილისი-ბათუმის მიმართულებით დაფრინავთო, როდესაც ქუთაისში დავიწყეთ კეთება, ამასობაში კახელები გაბრაზდნენ - კახეთი მიტოვებულია და საშინელ დღეშიაო. ახლა თელავს მივადექით და ისე ვაკეთებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი გახდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ასევე სამცხე-ჯავახეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალქალაქში უზარმაზარი სარკინიგზო ცენტრი კეთდება, რომელსაც რამაზ ნიკოლაიშვილის „ხელდასმით“, მალე დასრულდება.

„ეს, მართლაც, ათასწლეულის პროექტია. ამას იმიტომ ვყვები, რომ განვითარება ყველგან მიაღწევს. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ჩემამდე არ მოსულანო, მაგრამ მე უფრო მეტსაც გეტყვით - ბათუმის ნახევარი საუცხოოა და ნახევარი საშინელება. ის ვინც იმ საშინელებაში ცხოვრობს, იტყვის, რომ ჩემამდე არ მოსულანო, მაგრამ ჩემი პასუხი ამაზე ძალიან მარტივია - ნელნელა ყველა მიმართულებით მივიწევთ და აუცილებლად შევალთ ყველგან, იქაც სადაც აქამდე არ შევსულვართ. აქედან გამომდინარე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ჩემი გაჩერება არის გურია, მათ შორის კი განსაკუთრებით - ლანჩხუთი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გურიაში ადგილობრივებს ასევე ის გეგმები და სოციალური პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც რეგიონში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ბეჭდვა