„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია დღეს რუსთავში გაიმართება
„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია დღეს რუსთავში გაიმართება
10:02 19.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგ აქციას დღეს რუსთავში გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველ მხარდამჭერებს ინტენსიურად ხვდებოდნენ.

მისივე თქმით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„ქართული ოცნება“ აქციაზე მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს ელოდება. ძიძიგური აცხადებს, რომ ღონისძიებაზე მისვლას „მთელი რუსთავი გეგმავს“.

ამასთან, კოალიცია რუსთავის მერიას თანამშრომლობას სთავაზობს და მოუწოდებს, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, აქციის მონაწილეთა უსაფთხოების დაცვა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ყველა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას რუსთავში დაგეგმილ აქციაზე დასაკვირვებლად იწვევს.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული აქციის მიმდინარეობას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება.

აქცია რუსთავში დღეს, 19:00 საათზე, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.

„ქართული ოცნების“ ანალოგიური აქციები საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიმართა.

ბეჭდვა