საქართველოს პრეზიდენტი სიცრუედ მიიჩნევს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარაში ბიზნესს უმეტესად უცხოელები აკეთებენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პიაცაზე ახალი „ბუტიკ-სასტუმროს“ გახსნისას განაცხადა, ბათუმის განვითარება, ძირითადად ადგილობრივი ან უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველების დამსახურებაა.
„მთელი პიაცა განავითარა ერთმა ჭიათურელმა კაცმა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, დაბრუნდა უცხოეთიდან და ამ პროექტი ჩადო ფული“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის შედეგად პიაცაზე უამრავი კაფე, რესტორანი, სასტუმრო და საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს „ქართული ბიზნესია“.
სააკაშვილის განმარტებით, ბათუმში აშენებული სასტუმროების მფლობელები ქართველები არიან.
„რატომ იტყუებით, რომ აქ ყველაფერი უცხოელებმა აიღეს? რა თქმა უნდა, თითო-ოროლა უცხოელი გამოერევა და კარგი იქნებოდა, უფრო მეტნიც იყვნენ, რადგან ეს ისევ ქართველებს დაასაქმებდა“-განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მას სურს ხალხი სიღარიბიდან გამოიყვანოს, თუმცა „ყველაფერს თავისი დრო აქვს“
მისივე თქმით, პიაცაში ფულის ჩადებას აზრი ნამდვილად ჰქონდა, ვინაიდან ის ადგილობრივების დასაქმების საშუალებაა.
