საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და გორში მალე
ისეთივე ციხე იქნება, როგორიც ახალციხეში რეაბილიტირებული რაბათის ციხეა.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ბათუმში, „ბუტიკ-სასტუმროს“ გახსნის დროს გააკეთა.
„ახალციხე არის ნამდვილი მსოფლიო სასწაული. იმისათვის, რომ გორში ეკონომიკა ამოძრავდეს, საჭიროა ქალაქში ტურიზმი განვითარდეს. დღეს გორში ტურიზმის დიდი პოტენციალი არ არის ეს ციხე რომ გაკეთდება უამრავ გორელს დასაქმების საშუალება გაუჩნდება“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქუთაისში პარლამენტი სწორედ ამ მიზნით აშენდა.
პრეზიდენტის თქმითვე, საქართველოში ბოლოდროინდელ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს თავისი ეკონომიკური აზრი და მნიშვნელობა აქვს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით აღნიშნული პროექტების განხორციელება ქვეყანაში ტურიზმს განავითარებს, რაც ხალხის დასაქმების რეალურ პერსპექტივას განაპირობებს.
