„მემარჯვენეები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
„მემარჯვენეები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
17:47 18.08.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“  აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ოზურგეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე დღეს სოფელ ზვანის მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს.

„დღეს, აქ ყველაფერი ნანგრევებადაა ქცეული და მოსახლეობა პრაქტიკულად, დაუსაქმებელია. ადამიანები მხოლოდ პენსიის და უმწეოთა დახმარების ამარად არიან დარჩენილნი. ჩვენი მიზანია ოჯახები სოფლად თუ ქალაქად შეძლებულად ვაქციოთ და ეს გზა სოფლებში საწარმოების გახსნის ხელშეწყობის პოლიტიკაზე გადის“ - განაცხადა გამყრელიძემ.

„მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე კი, თიანეთში, სოფელ ზარიძეებში იმყოფებოდა.

კაციტაძის განცხადებით, სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება და არ აქვს გაზმომარაგება, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ მაინც უმუშევრობაა.
„მაშინ, როცა წლების წინ ამ სოფელში უამრავი ფერმა და საწარმო მუშაობდა, ახლა მოსახლეობა უმუშევრობის გამო იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს“ - აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ყველა სოფელში მინიმუმ ერთი საწარმოს გახსნა მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა