კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგარეჯოში თინათინ ხიდაშელმა, სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში სოფელ დუზაგრამას
გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან აცნობეს, 17 აგვისტოს, კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალოს მოსახლეობასთან მართავდა, სადაც „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი ატეხეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ, რომელიც სააგენტო "ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.“
კოალიცია „ქართული ოცნების „პრესსამსახურის“ ინფორმაციით, ხიდაშელმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ კამპანიაში ხელისშეშლის მოტივით შეიტანა. თუმცა მოძალადეების ნაცვლად სამართალდამცავმა ორგანოებმა 17 აგვისტოს დააკავეს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქამარატ მამედოვი, ხოლო 18 აგვისტოს დილით ასევე დააკავეს კოალიციის მეორე მხარდამჭერი ნათიკ რასულოვი.
მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს აქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად სჩანს ჩხუბის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები: სოფელ დუზაგრამის გამგებელი მუხტარ ისმაილოვი, სოფელ ლამბალოს გამგებელი ალახიარ აბდულაევი, სოფელ თულარის დეპუტატი საკრებულოში ვექილ ვექილოვი, სოფელ ქეშალოს გამგებლის თავთუხ კაჭიევის დისშვილი და გამგეობის თანამშრომელი, ადრე ნასამართლევი ილგარ გაჯიევი, რომელიც ვიდეოკამერის დამტვრევასაც ცდილობდა.
ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას და საერთაშორისო დამკვირვებლებს გადაეცათ.
