პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგ აქციას ხვალ რუსთავში გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში, ზვიად ძიძიგურმა
განუცხადა, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსთაველ მხარდამჭერებს ინტენსიურად ხვდებიან, შემაჯამებელი შეხვედრა კი დღეს შედგა.
ძიძიგურისვე თქმით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ხელისუფლების მხრიდან ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
„ქართული ოცნება“ აქციაზე მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს ელოდება. ძიძიგური აცხადებს, რომ ღონისძიებაზე მისვლას „მთელი რუსთავი გეგმავს“.
ამასთან, კოალიცია რუსთავის მერიას თანამშრომლობას კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად, აქციის მონაწილეთა უსაფთხოების დაცვა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ყველა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას რუსთავში დაგეგმილ აქციაზე დასაკვირვებლად იწვევს.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული აქციის მიმდინარეობას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდება.
აქცია რუსთავში 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიამ კოალიციას აქციის გასამართად მეგობრობის მოედანი შესთავაზა, თუმცა, იმის გამო, რომ მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე თვითმმართველობის ორგანოსგან უარი მიიღო, ღონისძიების შარტავას მოედანზე ჩატარება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ კი რუსთავის მერიამ აქციაზე განვითარებულ ნებისმიერ მოვლენასა და შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად ორგანიზატორებს დააკისრა.
„ქართული ოცნების“ ანალოგიური აქციები საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიმართა.
