ელჩების სამუშაო ჯგუფი ყველა პოლიტიკურ პარტიას კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ შეთავაზებული ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც სამუშაო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს კვლავ აქტიურად აკვირდებიან.
განცხადების თანახმად, ელჩების სამუშაო ჯგუფი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა მონაწილისთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მედიაზე თანაბარი წვდომასა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს კვლავაც მხარს უჭერს.
„ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვას „ეს შენ გეხებას“ კამპანიის ფარგლებში შეთავაზებული 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი, პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს შეესაბამება“- ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაო ჯგუფი ასევე, აღიარებს რა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, შეახსენებს ყველას, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივ და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საქმიანობის შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე უნდა ჰქონდეთ.
ელჩების სამუშაო ჯგუფი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს დაიცვას ზემოთ აღნიშნული შეთავაზებები და თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარება უზრუნველყოს.
„ჩვენ Must Carry-სა და Must offer-თან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღების გზით, მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებზე გაუმჯობესებულ წვდომას მივესალმებით“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, ჯგუფი ამ მიმართულებით ყოველგვარ ძალისხმევას კვლავაც მხარს უჭერს.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებმა სახელმწიფო უწყებებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების შესახებ წინადადებები შესთავაზა.
შეთანხმებაზე ხელმომწერმა პარტიებმა არ უნდა დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება.
სახელმწიფო უწყებებმა კი, მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით უნდა იმოქმედონ. ასევე უზრუნველყონ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა.
შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაა.
