საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანს ესტუმრა, სადაც 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი
მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემის პროცესს
დააკვირდა და თავადაც მიიღო მასში მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყო, პირველ კატეგორიაში მოხვედრილი მოსახლეობა, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა, კომპენსაციის სახით 1300-დან 1500 ლარამდე მიიღებს, მეორე კატეგორიაში მოხვედრილი მოსახლეობა, ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა 800-დან 900 ლარამდე მიიღებს, ხოლო მესამე კატეგორიაში მოხვედრილ ოჯახებს, ვინც მოსავლის 50 პროცენტი დაკარგა 300-დან 500 ლარამდე თანხა გადაეცემათ.
