„განახლებული საქართველოსთვის” თანამშრომლებისა და მხარდამჭერების პარტიიდან წასვლაზე ინფორმაციას უარყოფს
„განახლებული საქართველოსთვის” თანამშრომლებისა და მხარდამჭერების პარტიიდან წასვლაზე ინფორმაციას უარყოფს
10:11 18.08.2012
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის” კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიას მხარდამჭერები და თანამშრომლები ტოვებენ.

ამასთან დაკავშირებით „განახლებული საქართველოსთვის“ პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია საკუთარი ნებით დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა გვასალიამ, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა და პარტიის არც ერთ მხარდამჭერს ამ წუთამდე წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

„რაც შეეხება იმ პიროვნებებს, ვინც ბოლო დღეებში პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრის, ლაშა გვასალიას გვერდით ჩნდებიან და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დაშლის შესახებ მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ რომ ისინი ან საერთოდ არ ყოფილან პარტიასთან კავშირში ან თავად ლაშა გვასალიას მიერ იქნენ დათხოვნილი რამდენიმე თვის წინ. პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ აქტიურად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და მისი საქმიანობის შეწყვეტა ან შეფერხება არც ერთ ძალას არ შეუძლია“ - ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა