პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ რუსთავში დადგმილი აქციის წინ მხარდამჭერებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს, შემაჯამებელი შეხვედრა კი, დღეს შედგება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ სამუშაოებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებს ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება რუსთავის მერიასთან ურთიერთობას, ძიძიგურის თქმით, მათ შორის კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ შედგა.
„გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსთავის მერიას, რომ ჩვენ თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“ - აღნიშნა მან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია რუსთავში 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.
რუსთავის მერიამ კოალიციას აქციის გასამართად მეგობრობის მოედანი შესთავაზა, თუმცა, იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მანამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე თვითმმართველობის ორგანომ უარი უთხრა, ღონისძიების შარტავას მოედანზე ჩატარება გადაწყვიტა.
