ლომჯარია - „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებზე ინკასოს დადება სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს
ლომჯარია - „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებზე ინკასოს დადება სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს
19:56 17.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტი სერიოზულ დასაბუთებას საჭიროებს.

როგორც ნინო ლომჯარიამ დღეს გამართული უწყებათაშორისი სხდომის შემდეგ განაცხადა, ნებისმიერი პარტიის საარჩევნო კაპმანიაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს ფინანსების არარსებობა.

„ჩემთვის ამ ფაქტის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საარჩევნო გარემო იყოს სამართლიანი და ასეთი ქმედება პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დასაბუთების და მტკიცების ძალიან მაღალ სტანდარტს საჭიროებს“ - განაცხადა ლომჯარიამ.

კომისიის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კოალიციამ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიტიკური დევნის შემცველ ფაქტებზე ისაუბრა, მათ შორის, მესტიაში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებზე.

სუბარის თქმით, მესტიაში პოლიტიკური ნიშნით საზღვრის დაცვის სამსახურიდან 7 ადამიანი გაათავისუფლეს, ხოლო სამაშველო სამსახურიდან - სამი.

სუბარის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურიდან გათავისუფლებული სამივე პირი კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია.

ბეჭდვა