უწყებათაშორისმა სახელმწიფო კომისიამ საარჩევნო აგიტაციის მიზნით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ორ ფაქტზე მოახდინა რეაგირება.
როგორც დღეს კომისიის სხდომის შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, კომისიისთვის ცნობილი გახდა გურჯაანსა და რუსთავში ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში მმართველი პარტიის სააგიტაციო პლაკატებისა და საარჩევნო ნომრების განთავსების შესახებ, რაც კომისიის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და ექვემდებარება 2000 ლარიანი ჯარიმის დაწესებას.
კინწურაშვილის თქმით, მსგავს კანონდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ცესკოს კომპეტენციაა, ამასთან, კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევს დროულად მოახდინონ თანამშრომელთა ინფორმირება, იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო დაწესებულებების ოფისებში პარტიული სიმბოლიკის განთავსება, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და ასევე, შეამოწმონ მათდამი დაქვემდებარებული უწყებები და მსგავსი კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აღკვეთონ იგი.
