სამართალდამცავებმა მოქალაქე დააკავეს, რომელმაც „ინფო9"-ს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
სამართალდამცავებმა მოქალაქე დააკავეს, რომელმაც „ინფო9"-ს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
18:54 17.08.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონულმა სამმართველომ ლანჩხუთში 15 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის მონაწილე ზურაბ კვირკველია დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, კვირკველიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საგენტო „ინფო9"-ს ლანჩხუთის ბიუროს ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს.

მომხდართან დაკავშირებით საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით აღიძრა. სასამართლომ მას 20 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, 15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა „ინფო9"-ის ჯგუფის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დარტყმის შედეგად ოპერატორს კამერა სახეში მოხვდა, რის გამოც მარჯვენა თვალი დაუზიანდა.

ინციდენტი „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფის მიერ, გამგეობის შენობიდან საჯარო მოსამსახურეების მიკროავტობუსებით ბათუმში კონცერტზე ორგანიზებული გადაყვანის ფაქტის გადაღებას მოჰყვა.

ბეჭდვა