გრიგოლ ვაშაძე ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
გრიგოლ ვაშაძე ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
15:58 17.08.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ზალცბურგის ტრილოგია 2012“ მონაწილეობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში ევროპის ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის პირები, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი, ასევე, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე, საქართველოს მთავრობის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენციის მონაწილეთა მსჯელობის საგანს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვითი საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები წარმოადგენდა.

ყურადღება ასევე, რეგიონული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე, გლობალური ფინანსური კრიზისის დაძლევის ახალ გზებსა და ეკონომიკის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.

ვიზიტის დროს, გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიელ კოლეგასთან, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან მიხაელ შპინდელეგერთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ბეჭდვა