თეა წულუკიანი თემქის მოსახლეობას შეხვდა
თეა წულუკიანი თემქის მოსახლეობას შეხვდა
15:17 17.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს თემქის მე-3 კვარტლის მოსახლეობას  შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც წულუკიანმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თემქაზე, ისევე, როგორც მთელ რაიონში, უმუშევრობის პრობლემაა.

მისი თქმით, მოქალაქეებს არ აქვთ ოჯახის შენახვის, ავადმყოფის მოვლის, ბავშვებისთვის კარგი განათლების მიცემის შესაძლებლობა.

„თემქაზე „ყველა სიკეთესთან“ ერთად ონკანებში სასმელად უვარგისი, ჟანგიანი წყალი მოდის, რომლითაც მოქალაქეები იწამლებიან. აქვე ვნახეთ დიდი მიტოვებული ტერიტორია, სადაც ადრე საფეხბურთო სტადიონი და ქარხანა იყო, ახალი კი, ქვეწარმავლები ბინადრობენ და ახლომდებარე კორპუსებს საფრთხეს უქმნიან“ - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ქვეყნისთვის ყოვლად არასაჭირო პროექტებში მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან დახმარებას უამრავი ადამიანი ელოდება.

„გვინდა რომ ბიუჯეტის ფული, მხოლოდ მნიშვნელოვან პროექტებში დაიხარჯოს და 1.5 მილიარდი დოლარი ლაზიკას მშენებლობაში არ წავიდეს, რომელიც არავის სჭირდება. წარმოვიდგინოთ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება 1.5 მილიარდით უკვე არსებულ ქალაქებსა და სოფლებში“ - განაცხადა წულუკიანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დასაქმების, ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.

ბეჭდვა