დავით საყვარელიძე მის რეალურ კონკურენტად კრწანისში გასაკეთებელ საქმეებს მიიჩნევს
დავით საყვარელიძე მის რეალურ კონკურენტად კრწანისში გასაკეთებელ საქმეებს მიიჩნევს
14:09 17.08.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატადი კრწანისის რაიონში დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მისი რეალური  კონკურენტი არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, არამედ კრწანისის რაიონში გასაკეთებელი საქმეებია.

როგორც საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონკურენცია მხოლოდ საქმეში შეიძლება და არა წინასაარჩევნო დაპირებებში.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მას საქმის კეთება ნამდვილად შეუძლია.

„გვაქვს რეალური ამბიცია, რომ გავაგრძელოთ იგივე ტემპი, ამ მხრივ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს გავუწიო კონკურენცია და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს, რომლებიც დაპირებებსა და ოცნებებზე აგებენ თავიანთ საარჩევნო სტრატეგიას“ - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ ბოლო გამოკვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი საკმაოდ მაღალია.

კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეკონომიკური წინსვლა, რომელიც რვა წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შედეგია, თითოეულ კრწანისელზე უნდა აისახოს.

საყვარელიძის თქმით, ამის პრეცედენტები უკვე არსებობს. ესაა საყოველთაო ჯანდაცვა, რომელსაც ყველა მოქალაქე პირველი სექტემბრიდან მიიღებს.

„ამასთან, ის 4 მილიონი ტურისტი, რომელიც წელს საქართველოში ჩამოვიდა, აუცილებლად მოხვდება კრწანისის რაიონში“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოში კორუფცია და კრიმინალი ფაქტობრივად აღმოფხვრილია, რაშიც წვლილი მასაც, როგორც თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს მიუძღვის.

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რაიონის მცხოვრებლებს გაზიფიცირების, წყლის და ინფრასტუქტურული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

საყვარელიძის თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, უმუშევრობის პრობლემა დაიძლევა, რაც დასაქმების სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობით იქნება შესაძლებელი.


ბეჭდვა