კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანია „მეცხრე არხისგან“ სპეციალური შეთავაზება მიიღო, რომლის თანახმად, კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საშუალება
ეძლევა სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ტელე-ხიდისთვის ქვეყნის სამ სხვადასხვა რეგიონში სპეციალური სტუდიები მოეწყობა, საიდანაც მოქალაქე პირდაპირ ეთერში მისთვის საინტერესო საკითხზე კითხვას დასვამს. ივანიშვილი კი, მეოთხე სტუდიიდან ჩაერთვება.
ფანჯიკიძის განმარტებით, ტექნიკურად შესაძლებელი მხოლოდ 4 სტუდიის ფუნქციონირებაა, რომელ რეგიონში გაიხსნება სამი სტუდია, ჯერ დაზუსტებული არ არის.
კოალიციაში ტელე-ხიდის კვირაში ერთხელ გამართვას ვარაუდობენ, ამ შემთხვევაში, არჩევნებამდე 6 ტელეხიდი გაიმართება.
„ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს აღნიშნულ პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს.
