ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც
ბლოკებად დარეგისტრირების შედეგად დარჩა.
კერძოდ, ესენი არიან „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
ბლოკებად დარეგისტრირების პროცესის დაწყებადე სულ 6 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი იყო, მათ შორის „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია” და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რომლებიც ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ სუბიექტები გახდნენ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, კვალიფიციურმა სუბიექტებმა უფასო საეთერო სარეკლამო დრო უნდა მიიღონ.
კერძოდ, საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოუყოს ყოველ 3 საათში 90 წამი.
კვალიფიციური არის ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%; დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და ქვეყნის მასშტაბით მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3%; გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4% და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი; გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.
