საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის რეაბილიტირებული ცენტრის გახსნისას განაცხადა, რომ რაბათი საქართველოს აღმშენებლობის
სიმბოლოა და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქვეყანაში აღმშენებლობა მაინც გაგრძელდება.
მისი თქმით, ახალციხე, ფაქტიურად თავიდან შენდება.
„თუკი, ახალციხეში აქამდე წელიწადში 100-150 ადამიანი ჩამოდიოდა, თავს დავდებ, რომ შემდეგ წელს ამ ქალაქს 100 ათასი ვიზიტორი ეყოლება, რომელიც ფულს დატოვებს თითოეული ახალციხელის ბიზნესში - კაფეში, სასტუმროში, კვების ობიექტებსა და სოფლის მეურნეობაში“ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ციხის აღდგენის მთავარი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი იყო, რომელიც „ამ ციხის მახლობლად დაიბადა და ნამდვილი გმირია“.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რაბათის ციხეში აღდგენილია უძველესი, მე–9 საუკუნის ქართული ეკლესია, რომელშიც დღეს პირველად აღევლინა წირვა.
მისი განცხადებით, რაბათის შემდეგ გორის ციხე უნდა აღდგეს.
სააკაშვილის თქმით, ვისაც ამ ციხის და ბაგრატის ტაძრის აღდგენა არ უნდოდა „იგივე ხალხია, ვისაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს“.
„დარწმუნებული ვარ, აქ ერთხელაც არ არიან ნამყოფი და წარმოდგენაც არ აქვთ სად იყო ახალციხე და რა იყო რაბათი“ - განაცხადა სააკაშვილმა.
რაბათის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ საღამოს გაიმართა. საზეიმო ღონისძიებები ფრანგი მომღერლის, წარმოშობით ახალციხელი ეთნიკური სომეხის შარლ აზნავურის კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
