ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვასა და ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, დღევანდელი დღე ქუთაისში, ერთჯერადად, პრეზიდენტის
გადაწყვეტილებით, დასვენების დღედ გამოცხადდა.
კულტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულდა გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
დღევანდელ ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრებიან.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ჩასვლას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გეგმავს, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს. კანდიდატად, სავარაუდოდ, ქუთაისის უკვე ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე დასახელდება, რომელმაც ეს თანამდებობა გუშინ დატოვა.
