ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებული განმარტებებია მოცემული და ხელისმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისი კომისიისა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა.
კერძოდ, მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრმა, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა და „ახალმა თაობამ - ახალი ინიციატივა“.
როგორც ცესკოში აღნიშნავენ, მემორანდუმი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების კიდევ ერთი გარანტია, ვინაიდან მხარეები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით დოკუმენტში ასახული განმარტებების მიხედვით მოქმედებაზე თანხმდებიან, რითაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფენ.
მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების პერმანენტული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა, რომლებსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი უწევს ორგანიზებას.
ურთიერთთანამშრომლობის მსგავსი დოკუმენტი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან მიმართებით გაფორმდა 2008 და 2010 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც.
