„ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ყაზბეგში ვაჟა მარსაგიშვილი იქნება
„ქრისტიან-დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ყაზბეგში ვაჟა მარსაგიშვილი იქნება
19:05 16.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა მარსაგიშვილი წარუდგინეს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარტიის ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი იმყოფებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების გეგმა გააცნეს და დაჰპირდნენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, შვილებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება ექნებათ.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, თუკი ყაზბეგელებს გაზიფიცირების პროცესის გაგრძელება სურთ, რომელიც გაზაფხულზე სწორედ ქდმ-ისა და ვაჯა მარსაგიშვილის დამსახურებით დაიწყო, მათ მხარი „ქრისტიან-დემოკრატებს“ უნდა დაუჭირონ.

მოძრაობის ლიდერი ასევე, ყაზბეგელებს წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციასა და ხევში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაჰპირდა.

თარგამაძის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, შვილების განათლებაზე, მშობლების დასაქმებასა და პენსიონერების დაფასებაზე იზრუნებენ.

ბეჭდვა