უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებადამცველ დაჩი ცაგურიაზე განხორციელებულ თავდასხმას აპროტესტებენ და საქმის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვენ.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრში დღეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
როგორც „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, დაჩი ცაგურიაზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ვინმე „დღევანდელი ბანდიტურ-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს“, ხელისუფლება მაშინვე მის დასჯას ცდილობს.
„სააკაშვილის ოლიგარქიული მთავრობა იცავს თავის ქონებას და არა ადამიანებს“ - განაცხადა კაკაბაძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ წევრი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც არანაირი იმედი არ არსებობს ხელისუფლების მიერ დაჩი ცაგურიაზე თავდასხმისა და სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევის ობიექტურად გამოიძიებისა და დამნაშავეებს დასჯის, ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლაა.
„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელის ლია მუხაშავრიას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ებრძვის იმ ადამანებს, ვისაც საქართველოში არ მოსწონს ძალადობა, უკანონობა, კორუფცია და უზნეობა.
მისი შეფასებით, მომხდარი უფლებადამცველის დევნაა და საქმიანობის ხელის შეშლა, რაც კიდევ უფრო ზრდის როგორც დამნაშავე პირთა, ისე ხელისუფლების პასუხისმგებლობას.
ცაგურიაზე თავდასხმა 14 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, კოჯორი-ბეთანია-წყნეთის გადასახვევთან მოხდა. აგარაკზე მიმავალ ცაგურიას გზად ჯიპი „X5“ დახვდა, რომელშიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხუთი პირი იჯდა. მისი თქმით, ისინი მანქანის გასაღების წართმევას ცდილობდნენ, თუმცა, მან თავის დაღწევა შეძლო და შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ცაგურია მომხდარს წინა დღით ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის სახლთან მის მიერ მოწყობილ აქციას - „აქ ცხოვრობს ჯალათი“ უკავშირებს.
