ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა
ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა
16:42 16.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში,  საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას წინ უსწრებდა 2012 წლის 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრისთვის ბოლო შეტყობინების ჩაბარება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას მისცა 14 დღიანი ვადა, რათა სახელმწიფოს ეღიარებინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ქმედებები და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკებები დაეწყო.

„ქართული ოცნების“ ცნობით, განსაზღვრული ვადა 14 აგვისტოს ამოიწურა.

კოალიციაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ შეტყობინებას სახელმწიფოს მხრიდან პასუხად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფომ იურიდიული ფირმა „Dechert LLP“ დაიქირავა, რომლის საშუალებით 2012 წლის 13 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს ეცნობა, რომ სახელმწიფოსთვის მიცემული 14 დღის ვადა არ იყო გონივრული და, რომ ისინი შეტყობინებაზე პასუხს გასცემენ მას შემდეგ, როდესაც შეტყობინებაში დასმულ საკითხებს თავის კლიენტთან, საქართველოს მთავრობასთან განიხილავენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განმარტებით, თავის წერილში სახელმწიფოს სამართლებრივი მრჩევლები იტოვებენ უფლებას სადავო გახადონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქცია.

მათივე ცნობით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, 14 დღიანი ვადა უშედეგოდ ამოწურულია, ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა - Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom (UK) LLP - 2012 წლის 15 აგვისტოს ოფიციალური საარბიტრაჟო განაცხადით მიმართეს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) სამდივნოს და განაცხადის რეგისტრაცია მოითხოვეს.

კოალიციაში აცხადებენ, რომ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ჩამოყალიბდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის დავას განიხილავს.

ბეჭდვა