„ქართული ოცნების“ ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციამ ყვარელში მათ პრეზიდენტის სახლთან მისასვლელი გზა გადაუკეტა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდების განცხადებით, პოლიციამ ყვარელში მათ პრეზიდენტის სახლთან მისასვლელი გზა გადაუკეტა
15:46 16.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ყვარელში პოლიციამ მათ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან მისასვლელი გზა გადაუკეტა.

ორგანიზაცია ყვარელში პრეზიდენტის სახლთან აქციის გასამართად ჩავიდა.

კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, აქცია ახალგაზრდებმა პრეზიდენტის სახლის მახლობლად მაინც ჩაატარეს.

„ყვარელში პრეზიდენტის სახლთან მისასვლელი გზა პოლიციამ გადაგვიკეტა, თუმცა, აქცია სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც ჩავატარეთ, ჩვენ იქ ვეძებდით იმ 80 მილიონს, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში გადარიცხა“ - განაცხადა ზურაბიანმა.

მისივე თქმით, თანხა, რომელიც ივანიშვილმა ბიუჯეტში შეიტანა, კახელი გლეხების დახმარებას უნდა მოხმარებოდა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას.


ბეჭდვა