მინდია გულუას ყოფილი თანაპარტიელები ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
მინდია გულუას ყოფილი თანაპარტიელები ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
15:07 16.08.2012
რუსეთში მოქმედი ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას უკვე ყოფილი თანამოაზრეები პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“ ტოვებენ და მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უჭერენ.

ამის შესახებ პარტიის რეგიონალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა გვასალიამ „განახლებული საქართველოსთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვასალიას თქმით, მინდია გულუასთან ინტენსიურმა კონსულტაციებმა, მისმა დავალებებმა პარტიის ხელმძღვანელები დაარწმუნა, რომ „განახლებული საქართველოსთვის“ ქართული და რუსული სპეცსამსახურების მიერ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჭეშმარიტი ოპოზიციის - კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა ჩანერგილი.

გვასალია აცხადებს, რომ პარტია დატოვა თბილისისა და რეგიონული ორგანიზაციების თითქმის სრულმა შემადგენლობამ.

„ბოდიშს ვიხდით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა მოქმედებებშიც დეზინფორმაციის გამო ეჭვი შეგვიტანია“ - აღნიშნა გვასალიამ.

მისივე თქმით, გულუას ყოფილი თანაპარტიელების მიმართ ფინანსური დავალიანებები ნამდვილად აქვს, რადგან ამ ადამიანებს გაწეული საქმიანობის ანაზღაურება არ მიუღიათ. თუმცა, პარტიიდან მათი წამოსვლის მიზეზი ეს არ არის.

გვასალია აცხადებს, რომ ჯერჯერობით თავს იკავებს იმ ფაქტების გახმაურებისგან, რომელმაც დაარწმუნა, რომ გულუა ქართული და რუსული სპეცსამსახურების პროექტია, თუმცა, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კონფრონტაციისკენ ნაბიჯს თავად გულუა გადადგამს, ის მზადაა ყველაფერზე ღიად ისაუბროს.

გვასალიას თქმით, „განახლებული საქართველოსთვის“ ყოფილი წევრები კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუდგებიან გვერდით, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალაა.

რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებებს, გვასალიას თქმით, ის კონტრაქტით იყო გამყარებული, შესაბამისად, დაზარალებულები კუთვნილი თანხების მისაღებად სამართლებრივი გზით იბრძოლებენ.

ბეჭდვა