ბაღათურიას თქმით, საარჩევნო კამპანიისთვის მას ფულს პენსიონერები სწირავენ
ბაღათურიას თქმით, საარჩევნო კამპანიისთვის მას ფულს პენსიონერები სწირავენ
14:57 16.08.2012
საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად „ქართული დასი“ სიმბოლურ შემოწირულობას პენსიონერებისგან იღებს და ბიზნესმენებს მოუწოდებს პენსიონერების მაგალითს მიბაძონ.

როგორც დღეს პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რამდენიმე პენსიონერმა, რომელთა ნაწილი მისი პარტიის წევრია, ინიციატივა გამოიჩინეს სიმბოლური თანხა თითო-თითო ლარი შეწირონ „ქართულ დასს“.

ბაღათურიას თქმით, შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ სარჩევნო ფონდის ანგარიშზე „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში.

ამ მიზნით, ხვალ ბაღათურია პენსიონერებთან ერთად პეკინის ქუჩა 14-ში მდებარე ბანკის ფილიალში მივა, სადაც ეს ოპერაცია განხორციელდება.

„ამ ინიციატივას ჩემთვის აქვს ძალიან დიდი და განსაკუთრებული მორალური და ასევე, ფინანსური მნიშვნელობა. არც მე და არც ჩემს პარტიას სხვა ფინანსური დასაყრდენი გარდა ჩვენი ხალხისა, არ გვაქვს“ - აღნიშნა ბაღათურიამ.

მან მოუწოდა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ბიზნესმენებს, შეუერთდნენ პენსიონერთა ამ ინიციატივას.

როგორც ინიციატივის ავტორმა პენსიონერებმა განაცხადეს, მათ აღნიშნული სოლიდარობის გამოხატვა ბაღათურიას მიერ პენსიონერების ინტერესებისთვის ბრძოლის გამო გადაწყვიტეს.

ბეჭდვა