საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ორი კატეგორიის - საარჩევნო სიაში მიწერილი და უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის საშუალებით გეგმავს.
ლიგა, ამის დასტურად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროებაზე უარის თქმას ასახელებს.
როგორც ლიგის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ამომრჩეველთა ლიგამ“, სახელმწიფოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება მოსთხოვა, თუმცა, ეს არ მომხდარა.
ელექტორატს ინფორმაციაზე წვდომა მკაცრად ლიმიტირებულად და მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს, რაც სიაში მანიპულაციის საშუალებას იძლევა.
ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას, მათ შორის უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებს, საშუალება არა აქვთ საკუთარი თავი გადაამოწმონ იმ წესით, რასაც ხელისუფლება სთავაზობს.
ამასთან, ჩიკვაიძემ ყურადღება მიაქცია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 235 ათასით გაზრდას, რასაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა 1 აგვისტოს სახელმწიფო კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის სიის გადაცემის პროცესში.
„ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო კომისიისგან უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის რაოდენობის გამოქვეყნებას მოითხოვს, რომელიც მათივე განცხადებით, მათ სასაზღვრო პოლიციამ მიაწოდა. საზოგადოებას აინტერესებს რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფოს, რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა საზღვარი ორივე მიმართულებით“ - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
მისივე თქმით, დღეს, „ამომრჩეველთა ლიგამ“ საარჩევნო სიის საჯარო ნაწილის ელექტრონული ვერსიის გადმოცემის თაობაზე, ცესკო-ში წერილობითი მოთხოვნა შეიტანა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამომრჩეველთა ლიგა“ საჯაროს გახდის ყველა მონაცემს, რომელიც მის მიერ ჩატარებული ალტერნატიული „კარდაკარის“ შედეგად გამოვლინდა.
