კოალიცია „ქართული ოცნება“ კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გნაცხადა, მიყენებული ზარალი იმაზე ბევრად მეტია, რასაც სახელმწიფო დაზარალებულებს კომპენსაციის სახით აძლევს. ამ დროს კი, ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია, რომელიც დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა იქნას მიმართული.
პრესსპიკერის განცხადებით, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხები გადარიცხოს და ამისთვის იგი კანონიერ გზას აუცილებლად იპოვის.
მისივე თქმით, 80 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტში ივანიშვილმა გადარიცხა, საშუალებას იძლევა დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 4 700 ლარი დაურიგდეს.
„ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, მზადაა კიდევ გადარიცხოს თანხა მათ დასახმარებლად“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
