კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური რუსთავის თვითმმართველობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
როგორც ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილ აქციაზე მერიამ პასუხისმგებლობა მოისხნა და ის მთლიანად კოალიციას დააკისრა. მისივე თქმით, რუსთავის მერია არ აპირებს თავისი მოვალეობის შესრულებას.
„რუსთავის ღონისძიებასთან დაკავშირებით არის დიდი მოლოდინი, მთელი რუსთავი აპირებს აქციაზე დასწრებას. მინდა, ვთხოვო რუსთავის თვითმმართველობას, ნუ გაგვებუტებიან ისინი, ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობის რეჟიმში ვუზრუნველყოთ საპატრულო, სასწრაფო-სამედიცინო თუ სახანძრო სამსახურების მობილიზება“ - განაცხადა ძიძიგურმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სოზარ სუბარის თქმით, რუსთავის მერიის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის და მთლიანად კოალიციას აკისრებს, გარკვეული ეჭვის საფუძველს აჩენს.
„მოვუწოდებ ყველა ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მოვიდნენ, დააკვირდნენ აქციას და დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ღონისძიება კანონის სრული დაცვით ჩატარდება“- აღნიშნა სუბარმა.
