კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, ამომრჩეველს თეთრსა და შავს შორის მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი.
ასე უპასუხა ივანიშვილმა დღეს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ალასანიას წარდგენისას კითხვას, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატად როლანდ ახალაიას დასახელებასთან დაკავშირებით.
„ყველამ კარგად იცის, ვინ არის ახალაიების ოჯახი, ვინ არის როლანდ ახალაია, ვიცით მისი ხელწერა და რას აკეთებს ის ზუგდიდში. მეგრელებს, რომლებსაც მე ძალიან ნიჭიერ ხალხად მივიჩნევ, ძალიან მარტივი ანალიზის გაკეთება დასჭირდებათ. მათ არჩევანი თეთრსა და შავს შორის უნდა გააკეთონ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ახალაია დღეს ხალხის დაჩაგვრას ცდილობს და ძალადობს.
„ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ საქართველო გავაერთიანოთ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა მოქალაქე. თუ გნებავთ, უნდა მოვახერხოთ და ახალაიაც უნდა ჩავაყენოთ ჩვენი ხალხის სამსახურში“ - განაცხადა ივანიშვილმა.
