„ქრისტიან-დემოკრატები“ მზად არიან უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე თუკი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხალხისთვის მიცემულ დანაპირებს ვერ შეასრულებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, მოძრაობის მთავარი პრიორიტეტი ენერგოკომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებაა. მისი განმარტებით, ამით ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდება.
„არსებობენ დემაგოგები და საქმის გამკეთებელი ადამიანები. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში გამოვისყიდით „თელასის“ 75%-ს და სხვა ენერგოკომპანიებს. წარმოუდგენელია ცალი ხელით ებრძოდე რუსეთს და მეორე ხელით მას აძლევდე ყველაზე მნიშვნელოვანს - ენერგოკომპანიებს“ - განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ ენერგოკომპანიების გამოსყიდვის შემდეგ, ელექტროენერგიაზე ტარიფი სულ მცირე 5-6 თეთრით შემცირდება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია დანაპირების შესრულებას ვერ შეძლებს, მზადაა მანდატებზე უარი თქვას.
