გრიგოლია გლდანის რაიონში მთავარ კონკურენტად ხელისუფლების კანდიდატს მიიჩნევს
გრიგოლია გლდანის რაიონში მთავარ კონკურენტად ხელისუფლების კანდიდატს მიიჩნევს
14:00 15.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ინგა გრიგოლია ამავე რაიონში,  მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკოლოზ ხაჩირაშვილს მიიჩნევს. 

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი სწორედ ხელისუფლება და მის მიერ დასახელებული კანდიდატია.

გრიგოლია მზადაა ხაჩირაშვილთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა და გლდანელებს დაუმტკიცოს - რატომ უნდა დაუჭირონ მხარი „ქრისტიან-დემოკრატებს“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ხაჩირაშვილი ჩემი მთავარი კონკურენტია. ჩვენ ორივე საკრებულოში ფრაქციის თამჯდომარეები ვართ და ჩვენს შორის ყოველთვის იყო კონკურენცია. მზად ვარ, იგი გამოვიწვიო ნებისმიერ დებატებში და გლდანელებს ვაჩვენოთ - როგორ წარმოუდგენია მას გლდანის განვითარება და როგორ წარმომიდგენია მე“ - განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ გლდანში საკმაოდ სერიოზული პოზიციები აქვს და აღნიშნულ რაიონში მათი გამარჯვება რეალურია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატების გარდა, სხვა რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, იგი გამარჯვებას მიულოცავს.

„დებატებში დავჯდები მხოლოდ ხელისუფლებასთან და არა ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან მიმაჩნია, რომ ამით ოპოზიციური პარტიები ძალიან ცუდ საქმეს გაუკეთებენ ერთმანეთს. ვინც ამბობს, რომ ვინმეს „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე“ მაღალი რეიტინგი აქვს, ვეტყვი, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“ - აღნიშნა გრიგოლიამ.

ბეჭდვა